Air India-ს თვითმფრინავის ავიაკატასტროფის ერთადერთმა გადარჩენილმა, 40 წლის ბრიტანეთის მოქალაქემ განაცხადა, რომ თავის გადარჩენა და თვითმფრინავის ნამსხვრევებიდან გამოღწევა, თვითმფრინავის კორპუსში არსებული ხვრელიდან შეძლო. 

"მე შევძელი ღვედის გახსნა, შემდეგ ვიწრო ხვრელში გავძვერი და ნამსხვრევებისგან თავის დაღწევა შევძელი“, - განუცხადა ვიშვაშკუმარ რამეშმა ინდოეთის სახელმწიფო მედიას.

40 წლის მამაკაცი ლონდონში მიმავალი Boeing 787-ის 11A ადგილზე იჯდა, როდესაც თვითმფრინავი აჰმედაბადში აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.

Air India-მ განაცხადა, რომ დაიღუპა ყველა სხვა მგზავრი და ეკიპაჟი, მათ შორის 169 ინდოელი და 52 ბრიტანეთის მოქალაქე. ამ დროისთვის 200-ზე მეტი ცხედარია ამოყვანილი, თუმცა უცნობია მათგან რამდენია თვითმფრინავის მგზავრი და რამდენი ხმელეთზე დაღუპული მოქალაქე.