შოტლანდიაში, ბიუტის კუნძულზე, დიდი ხნის დავიწყებულ სამარხში, ფერმერის მიერ აღმოჩენილი ორი ადამიანის ნეშტი, ბრინჯაოს ხანის დროინდელი აღმოჩნდა.

BBC-ის ინფორმაციით, სამარხი პირველად 1863 წლამდე აღმოაჩინეს, როდესაც ადამიანის თავის ქალა ამოიღეს და ლონდონის ანტიკვართა საზოგადოებას გადაუგზავნეს, თუმცა გათხრების ადგილი შემდეგ მიატოვეს.

სამარხი ამ დროის განმავლობაში ხელუხლებელი იყო. ის ფერმერმა სამი წლის წინ აღმოაჩინა, რის შემდეგაც AOC-ის არქეოლოგიურმა ჯგუფმა გათხრები დაიწყო.

ანალიზმა აჩვენა, რომ სამარხში, რომელიც დაახლოებით 4000 წლისაა, მამაკაცი და ახალგაზრდა ქალი იყვნენ დაკრძალულნი. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ისინი ერთდროულად არ დაუკრძალავთ.