პეკინში, ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან და აბუ-დაბის მემკვიდრე პრინც შეიხ ხალედ ბინ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან გამართული დიპლომატიური შეხვედრების სერიის დროს, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა შეშფოთება გამოთქვა ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო და ჩინეთი პასუხისმგებლიან და სტაბილურ პარტნიორად წარმოაჩინა, - წერს CNN-ი.
მედიის განმარტებით, სი ძინპინს, ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრების დროს, შეერთებული შტატები და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ უხსენებია.
"დღეს მსოფლიო ქაოსშია მოქცეული და სამართლიანობასა და ძალაუფლებას შორის ბრძოლის წინაშე დგას", - განაცხადა სი ძინპინმა სანჩესთან შეხვედრაზე და დასძინა, რომ ორივე ქვეყანამ ერთად უნდა იმუშაოს, რათა "მსოფლიოს ჯუნგლების კანონებთან დაბრუნებაში ხელი შეუშალოს“.
"ქვეყნის მიდგომა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო წესრიგის მიმართ ასახავს მის მსოფლმხედველობას, წესრიგის გაგებას, მის ღირებულებებსა და პასუხისმგებლობის გრძნობას", - განუცხადა ჩინეთის ლიდერმა სანჩესს.
აბუ-დაბის მემკვიდრე პრინცთან შეხვედრაზე, სი ძინპინმა ხაზი გაუსვა ჩინეთის ძალისხმევას სამშვიდობო მოლაპარაკებების წინსვლის მიმართულებით და განაცხადა, რომ პეკინი ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს.
