თურქეთის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში, ყოფილმა მოსწავლემ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სულ მცირე 16 ადამიანი დაჭრა. ოფიციალური პირების თქმით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, 18 წლის თავდამსხმელმა, რომელიც საფანტიანი თოფით იყო შეიარაღებული, ქალაქ სივერეკში მდებარე პროფესიულ სკოლაში უმისამართო სროლა დაიწყო.
გუბერნატორის ჰასან სილდაკის განმარტებით, მამაკაცი სროლის შემდეგ სკოლის შენობაში იმალებოდა, საბოლოოდ კი იმავე იარაღით თავი მოიკლა.
სილდაკის ცნობით, თავდასხმის შედეგად 10 მოსწავლე, 4 მასწავლებელი, კაფეტერიის ერთი თანამშრომელი და ერთი პოლიციელი დაშავდა. მათი უმეტესობა სივერეკში მკურნალობს, ხოლო ხუთი დაშავებული, უფრო მძიმე მდგომარეობის გამო, რეგიონის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიის ინფორმაციით, თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
