საქართველოში ევროკავშირის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. პაველ ჰერჩინსკიმ უწყება კომენტარის გარეშე დატოვა. რამდენიმე დღის წინ, ელჩმა საკუთარი განცხადებით ძალადობა, სამოქალაქო ომი და სიღარიბე ევროპული მომავლის ალტერნატივად წარმოაჩინა და თქვა, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდება, საქართველო ეკუთვნის ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ ბრუნდება ბნელ წარსულში.
მმართველმა პარტიამ ელჩის ნათქვამში ქვეყნისა და მოსახლეობის მიმართ ღია მუქარა, ასევე ხელისუფლების შეცვლის მკაფიო სურვილი ამოიკითხა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, არ იცის რამდენად მეგობრულია სამოქალაქო დაპირისპირების და იმ უბედურების წინასწარმეტყველება თუ სურვილი, რაზეც ევროკავშირის ელჩმა ისაუბრა.
"არ ვიცი რამდენად მეგობრულად შეიძლება მივიჩნიოთ სამოქალაქო დაპირისპირების და იმ უბედურების წინასწარმეტყველება თუ სურვილი, რომელიც ბატონმა ელჩმა გამოთქვა. ყოველ შემთხვევაში, სწორედ სამოქალაქო დაპირისპირებას, სიღატაკეს და ყველანაირ ნეგატიურ განვითარებას ნამდვილად აფინანსებდა ევროკავშირის სხვადასხვა ფონდები. ამიტომ, თუ ამ წლების მანძილზე ჩვენ ყველაფერს ვუმკლავდებოდით, ახლა განსაკუთრებით საინტერესოა, რაიმე კონკრეტული გეგმა ხომ არ აქვთ იმისთვის, რომ ის რაზეც ელჩმა ისაუბრა, ახალი დაფინანსების თუ ახალი შემოტევის ტალღა გახდეს", - განაცხადა ნინო წილოსანმა.
