"ჩვენ ქართულად ვსაუბრობთ და ისინი ინგლისურად და რაღაცას ერთმანეთს ვერ ვაგებინებთ, არადა ვხედავთ, ბრიტანეთის ელჩი ქართულს სწავლობს და წესით, რაღაც უნდა ესმოდეს ჩვენიც, მაგრამ ჩვენ ერთს ვამბობთ და ისინი სხვა რაღაცას გვპასუხობენ", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ბრიტანეთის საელჩოსგან ელოდება კონკრეტულ პასუხებს მის კითხვებზე.
"ძალიან კონკრეტულ საკითხებზე ვსაუბრობდი, როდესაც ბრიტანეთის ელჩის ქცევაზე ვსაუბრობდი. მე ვსაუბრობდი იმაზე, რომ მან დაარღვია ვენის კონვენცია იმით, რომ ჩაერია საპარლამენტო არჩევნებში აგიტაციის სახით „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ბრალდება ნომერი ერთი. ამას უპასუხონ, თქვან, რომ არ დაარღვია და მისი განცხადება არ იყო ჩარევა. აი,თქვან მაგალითად ეს. ამის ნაცვლად ამბობენ, რომ ცრუ ბრალდებებია და ა.შ. განათლებული ადამიანები ასეთ დიალოგს არ აწარმოებენ. ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტის მიმართ უფრო დიდი წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხს. ამიტომ, პირველი, ბრიტანეთის ელჩმა დაარღვია ვენის კონვენცია, როდესაც არჩევნებამდე 10 დღით ადრე საარჩევნო აგიტაციას ეწეოდა საჯაროდ, ინტერვიუს სახით "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. გვაინტერესებს პასუხი, დაარღვია თუ არა, მათი გაგებით, ვენის კონვენცია და თუ დაარღვია, რას აპირებენ, რომ მოიმოქმედონ. მეორე, ბრიტანეთის საელჩო ცდილობდა, დაეფინანსებინა ექსტრემისტული განწყობების მქონე ადამიანები. ამაზე გვაინტერესებს პასუხი", - განაცხადა პაპუაშვილმა.