ოპოზიციის ულტიმატუმი - ცხრა პარტიის ალიანსში, რომლის ყველა ლიდერიც მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მაღალჩინოსანი ან მასთან დაკავშირებული პირია, აცხადებენ, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას მხოლოდ ძალაუფლების გადაბარებაზე გამართავენ.
"ხელისუფლებასთან, ანუ რეჟიმთან დიალოგი აუცილებლად შედგება, ოღონდ დიალოგი შედგება არა რეჟიმის გადარჩენაზე, რასაც "ლელო" ცდილობს, არამედ ძალაუფლების გადაბარებაზე. გვესმის, რომ ციხემ შეიძლება ადამიანები გატეხოს, მაგრამ ჩვენ ახლა ქართველი ხალხის ინტერესების ღალატის უფლება არ გვაქვს," - აღნიშნა "ფედერალისტური პარტიის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა.
ოპოზიციის წევრების თქმით, მათ კონკრეტული მოთხოვნები აქვთ, რაც მმართველმა გუნდმა წინსწრებად უნდა დააკმაყოფილოს.
"ხელისუფლებასთან ყოველგვარი წინაპირობებისა და დათქმების გარეშე, დიალოგზე საუბარი არის "ქართული ოცნებისთვის" გადაგდებული მაშველი რგოლი. ჩვენ "ქართულ ოცნებასთან" მხოლოდ და მხოლოდ მაშინ გვექნება საუბარი, იმ საკითხზე, რასაც ხელისუფლების გადაბარება ჰქვია. დანარჩენი ჩვენ სიტყვა - დიალოგს არ ვიყენებთ," - აცხადებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან სანიკიძე.
ამასთან, "კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარის, ნიკა გვარამიას თქმით, "შარლ მიშელი 2 არ იქნება."
