იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებას, რომელიც  საარჩევნო პროცედურების,  მათ შორის, საერთაშორისო დამკვირვებლებისა და მათი თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების დაზუსტებას ითვალისწინებს.

როგორც მომხსენებელმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, ორგანული კანონის პროექტის თანახმად, საარჩევნო კომისიის სხდომაზე პირის მიერ სხდომის ფოტოვიდეოგადაღებისა და აუდიომონიტორინგის წესი  ცესკოს დადგენილებით განისაზღვრება.

ცვლილების თანახმად, საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე, 18 წლის ასაკიდან. ორგანული კანონის პროექტით ასევე დგინდება საერთაშორისო დამკვირვებლის თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციის პროცედურები.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და ირაკლი შატაკიშვილი.