საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღიარეს სიმართლე, რომლის აღიარებაც არ უნდა ოპოზიციას, - "ქართული ოცნება" ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებას ეხმაურება.
დელეგაციამ ვიზიტის შემაჯამებელ ტექსტში მკაცრად დაგმო სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მათ შორის პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობა. მმართველ გუნდში განცხადებას პოზიტიურად აფასებენ და ამბობენ, რომ მზად არიან დიალოგისთვის მათთან, ვინც საკითხს ობიექტურად მიუდგება.
ეუთოს მაღალი დონის დელეგაცია საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. მისი მიზანი დიალოგის წახალისება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და პოლიტიკური სპექტრის ჩართულობის ხელშეწყობა იყო.
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია.
"მაშინ, როდესაც რეგიონში მიმდინარეობს უმძიმესი კონფლიქტები, პოლიტიკური დაპირისპირებები, ამ ვითარებაში ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესის სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. ამისთვის საჭიროა დიალოგის ყველა შესაძლებლობის გამოყენება.
უნდა გადავჭრათ ორი მთავარი გამომწვევი მიზეზი, ეს არის სამართლიანი არჩევნების საკითხი და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი," - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.
