სამების საკათედრო ტაძრის კარი მრევლისთვის გაიღო. გაკეთდა ერთი, მცირე დერეფანი, რომლის მეშვეობითაც მრევლს შესვლა და პატრიარქისთვის პატივის მიგება ისევ შეუძლია.

წირვას რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს.

წირვას ესწრებიან სასულიერო პირები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მამუკა მდინარაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე, სხვადასხვა დელეგაციების წარმომადგენლები.

12 საათის შემდეგ, სამებაში კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს პირველი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან და სინოდის წევრებთან ერთად უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას შეასრულებს.

ცერემონიას დაესწრება სხვადასხვა დელეგაცია, დაგეგმილია სიტყვით გამოსვლებიც. ვატიკანის დელეგაცია უკვე საქართველოშია. ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტს, კარდინალ კურტ კოხსა და მის თანმხლებს პირებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პაპის დესპანი, მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი, მრჩეველი, და ვატიკანის საელჩოს წარმომადგენლები დახვდნენ.

ილია მეორეს სამების ტაძრიდან დღის 3 საათისთვის გამოასვენებენ და სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ ფეხით მსვლელობა დაიწყება.

სიონის ტაძრამდე გზაზე, მოეწყობა ცოცხალი დერეფანი, ასევე მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ამ გზაზე დამონტაჟებულ ეკრანებზე თვალი ადევნონ სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში. უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის დროს სიონის ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.

კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება. ბოლო დღეების განმავლობაში ელიას მთის შემაღლებული ბორცვისკენ მთელი ერი დაუღალავად, დაუსრულებელ რიგში იდგა. პატრიარქისთვის უკანასკნელი სიტყვების თქმა ყველას უნდოდა დიდსა თუ პატარას, ახალგაზრდას თუ მოხუცს.