37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან - თარიღი, რომელმაც საქართველოს უახლესი ისტორია განსაზღვრა და რომელიც ქვეყნისთვის ერთდროულად გლოვისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.
რუსთველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ცოტა ხნის წინ პანაშვიდი გადაიხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ.
"დღეს ჩვენ ვიხსენებთ 9 აპრილის ტრაგედიას, იმ ღამეს და გვეუფლება მწუხარების გრძნობა, მაგრამ, ამავე დროს, სიხარულიც ერთიანობის, ეროვნული სულის განცდის გამო, რომელიც იმ საოცარ დღეებში გამოვლინდა. დღესაც დადასტურდა, რომ ჩვენს ერში, ქვეყანაში უხვად არის მუხტი და ეს სული, რაც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ დღეებში ვნახეთ. როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, ასევე 9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა ძმებმა და დებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანეს, მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვებას სჭირდება შენარჩუნება, განვითარება. ამისთვის საკმარისი არ არის, მხოლოდ გარეგნული პირობები იყოს, გვქონდეს მხოლოდ პოლიტიკური დამოუკიდებლობა, ამისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს მოპოვებული ჰქონდეთ პიროვნული თავისუფლება. ეს არის, შეგეძლოს მართო შენი თავი, აკეთო ის, რაც მართებული, საჭიროა. ჩვენში ამის გაგება თუ არ იქნება, მხოლოდ გარეგნული თავისუფლება საღვთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე, შეიძლება, სახიფათო და დამანგრეველი გახდეს ადამიანის სულისთვისაც და ქვეყნისთვისაც. გამოვსწორდეთ, დავფიქრდეთ, რა არის ჩვენს ხალხში ის მანკიერებები, ცოდვები, რომელიც უნდა გამოვასწოროთ, რათა მოგვეცეს წყალობა ღვთისა, ვეღირსოთ ჩვენს გამთლიანებას, ქვეყნის გაძლიერებას," - განაცხადა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, ქორეპისკოპოსმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ.
მემორიალთან დილიდან იმყოფებოდნენ პრეზიდენტი, პრემიერი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ეროვნული მოძრაობის მონაწილეები და დაღუპულთა ახლობლები. მათ მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
