გერმანიაში, ქალაქ ჰერდეკეს ახლად არჩეული მერის დაჭრის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც გამოცემა Bild-ი იუწყება, 57 წლის ქალზე თავდასხმა სავარაუდოდ მისმა 17 წლის შვილობილმა გოგომ განახორციელა.
57 წლის ირის შტაცლერი დანით დაჭრეს. მას 13 ჭრილობა აქვს მიყენებული.
მედიის ინფორმაციით, მკვლელობების დეპარტამენტის უფროსის, იენს რაუტენბერგის თქმით, ჰერდეკეს არჩეული მერი საავადმყოფოში დაკითხეს. სავარაუდოდ, მან ჩვენება საკუთარი ქალიშვილის წინააღმდეგ მისცა. დანაშაულის ადგილი, სავარაუდოდ, შენობის სარდაფი იყო.
Bild-ის ცნობით, 57 წლის ირის შტაცლერის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება და მისი მდგომარეობა სტაბილურია. პოლიციის ოპერატიული განყოფილების უფროსმა, ურსულა შენბერგმა მედიასთან განაცხადა, რომ "ქალბატონი შტალცერის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და ის გამოჯანმრთელდება".
პოლიციამ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახლში ორი დანა იპოვეს, რომელთაგან ერთი, სავარაუდოდ, თავდასხმის დროს გამოიყენეს. თავდაპირველად, ეჭვი მერის 15 წლის შვილობილ ბიჭზე მიიტანეს, რომლის ოთახშიც დანები იპოვეს.