ირანის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ახალგაზრდებს მოუწოდა, შექმნან "ცოცხალი ჯაჭვი" ქვეყნის ელექტროსადგურების გარშემო - წერს CNN-ი.
მედიის ცნობით, განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა დააანონსა, რომ აშშ დაბომბავს ირანის საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას, თუ ირანი არ გახსნის ჰორმუზის სრუტეს.
"მოვუწოდებ ყველა ახალგაზრდას, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეს, სპორტსმენსა და ჩემპიონს, მონაწილეობა მიიღონ ეროვნულ კამპანიაში "ირანელი ახალგაზრდების ცოცხალი ჯაჭვი ნათელი მომავლისთვის", - წერს ალირეზა რაჰიმი X-ზე.
"სამშაბათს, 14:00 საათზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რწმენისა და გემოვნების მიუხედავად, ელექტროსადგურებთან, ჩვენ ხელჩაკიდებულები დავდგებით და ვიტყვით: საჯარო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა ომის დანაშაულია", - აღნიშნა რაჰიმმა.
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს შეთანხმების მისაღწევად სამშაბათს, აღმოსავლეთის დროით საღამოს 8 საათამდე აქვს ვადა.
