ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანში საჰაერო იერიში მიიტანეს, რომლის მთავარი სამიზნე ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი იყო.

გამოცემა Times of Israel-ი, ცაჰალის განცხადებაზე დაყრდნობით, წერს, რომ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, ირანის "ფაქტობრივი ლიდერის" ლიკვიდაცია დაადასტურა.

ირანის ხელისუფლებას ამ დრომდე ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გავრცელებული ინფორმაციით, 16 მარტს განხორციელებული საჰაერო დარტყმის დროს ლარიჯანი შენობაში შვილთან ერთად იმყოფებოდა. მედიის წყაროების ცნობით, იერიშის მასშტაბიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

ალი ლარიჯანი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ირანელი მაღალჩინოსანია, რომელიც ქვეყნის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის გარდაცვალების შემდეგ მოკლეს.

ცნობილია, რომ საომარი მოქმედებების პერიოდში ირანის ფაქტობრივ მართვას სწორედ ლარიჯანი ახორციელებდა. ხამენეისგან მას საპროტესტო გამოსვლების ჩახშობა და ქვეყნის ომისთვის მომზადება ჰქონდა დავალებული.

ამასთან, ლარიჯანი კურირებდა ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ბირთვული პროგრამის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, თეირანში განხორციელებული "წერტილოვანი დარტყმის" შედეგად, ასევე დაიღუპა გასამხედროებული ფორმირება "ბასიჯის" მეთაური გოლამრეზა სულეიმანი.