"როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი გახდა, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, გამოყვანილია რეანიმაციაში. ჩვენი ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური," - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) განაცხადა.

მეუფე შიომ მოუწოდა ყველას, ილოცონ პატრიარქის გამოჯანმრთელებისთვის.

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც იქნება ღვთის შეწევნით. ჩვენ გვინდა დღეს მოვუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყველა მორწმუნეს განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან ვიცით, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მის ლოცვას, მის ზრუნვას და მის ჯანმრთელობას ჩვენზე," - განაცხადა მეუფე შიომ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კავკასიის მედიცინის ცენტრში გვიან ღამით გადაიყვანეს.