იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მე-13 პაკეტის გადაცემა აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე შეაჩერა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
გამოცემა Giornale d'Italia წერს, რომ სამხედრო დახმარების პარტია სრულად მზადაა, თუმცა კიევში მისი მიწოდების გრაფიკი ჯერ დამტკიცებული არ არის. აღსანიშნავია, რომ იტალიური იარაღის ბოლო პარტია უკრაინაში 10 თვის წინ ჩავიდა.
მედიის ინფორმაციით, არ არსებობს რაიმე მინიშნება იმის შესახებ, თუ არჩევნების რა შედეგმა შეიძლება ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიღებას.
"შესაბამისად, აშშ-ის პოლიტიკური კალენდარი იტალიისთვის მოლოდინის ამ პერიოდში ახალ საორიენტაციო ნიშნულად იქცა. თუმცა, არ არსებობს რაიმე მინიშნება იმის შესახებ, თუ არჩევნების რა შედეგმა შეიძლება ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიღებას. ასევე, არ არის განსაზღვრული თარიღი, თუ როდის გაიგზავნება დახმარება კენჭისყრის დასრულების შემდეგ", - წერს გამოცემა.
როგორც გამოცემა წერს, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნის შეფერხება იტალიის პრემიერ-მინისტრის ოფისში, პალაცო კიჯიში, დაძაბულობას იწვევს და საფრთხეს უქმნის იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც ჯორჯია მელონიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს წინაშე აქვს აღებული.
