ამერიკის შეერთებული შტატების, უკრაინისა და რუსეთის მომლაპარაკებლების სამმხრივი შეხვედრა აბუ-დაბიში უახლოეს მომავალში გაიმართება. მანამდე ფინეთის პრეზიდენტმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს.
დიალოგის მიზანი ამერიკის შუამავლობით დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ რუსეთის პრეზიდენტისთვის უკრაინის პოზიციის გაცნობა იყო.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, ზარი ევროპელი ლიდერების თხოვნით განხორციელდა.
"ზარი მათივე თხოვნით შედგა. საუბრის ოფიციალურ დეტალებს ჯერ არ გავცნობივარ, თუმცა, როგორც ჩანს, ახალი არც იქ თქმულა რამე. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ევროპელებს მოლაპარაკებების პროცესში რაიმე ფორმით ჩართვა სურთ. თუმცა, სრულიად გაუგებარია, თუ რა პოზიციით აპირებენ ისინი ამ პროცესში ჩართვას", - აცხადებს სერგეი ლავროვი.
პარალელურად, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა დაუანონსა. განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
