პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი ევროკომისიის მორიგ სკანდალს ეხმაურება. მათიკაშვილის შეფასებით, ევროპაში განვითარებულ მოვლენებში გასაკვირი არაფერია, რადგან ანალოგიური პროცესები საქართველოშიც მიმდინარეობდა, სადაც ევრობიუროკრატები ძალადობრივ აქციებს პირდაპირ აფინანსებდნენ და ახალისებდნენ.
"გასაკვირი არაფერი არ არის, ჩვენ იმავეს ვაკვირდებოდით ჩვენს საკუთარ სამშობლოში, სადაც ევროფონდებიდან, რომლის უკანაც სწორედ ევრობიუროკრატია, არარჩეული, მანდატის არ მქონე, დანიშნული ევრობიუროკრატების მხრიდან ხდებოდა ძალადობრივი აქციების, როგორც დაფინანსება, შემდგომ წახალისება, შემდგომ, "მოლოტოვის კოქტეილის" როლის რომანტიზება.
ყველანაირად ცდილობდნენ ძალადობა მშვიდობად გაესაღებინათ, ხოლო პოლიციის მხრიდან გადადგმული ადეკვატური ნაბიჯები, პირიქით, ძალადობად მოენათლათ. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ცალკეულ ევროპულ ქვეყნებს შეუბრუნდათ საკუთარ ქვეყნებში, საკუთარ სამშობლოში, მაგრამ აქაც აშკარაა, რომ გარე ჩარევების ეფექტი და როლი დიდია, ამაზე წერს უკვე საერთაშორისო პრესა და ნამდვილად არ გამიკვირდება, თუ უფრო მეტი მტკიცებულებაც გამოჩნდება ევრობიუროკრატიის უშუალო მონაწილეობისა ასეთ პროცესებში," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკომისია მორიგ სკანდალში ეხვევა - საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, სწორედ ევროკომისია აფინანსებდა საფრანგეთსა და იტალიაში ძალადობრივ არეულობებთან დაკავშირებულ 5 ორგანიზაციას. საგამოძიებო მასალებს ამ თემაზე პოლონური Visegrad 24, ესპანური La Gazzetta და ბელგიური Brussels Signal ავრცელებს.
საუბარია ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ადამიანის უფლებათა დაცვის წამყვან ორგანიზაციებსა და პროფკავშირზე, მათ შორის, საფრანგეთის ადამიანის უფლებათა ლიგაზე, საერთაშორისო ფედერაციასა და იტალიურ გაერთიანებებზე.
გამოცემები წერენ, რომ აღნიშნულ ორგანიზაციებს ევროკავშირისა და სოროსის ფონდებისგან მილიონობით ევრო და შვეიცარიული ფრანკი აქვთ მიღებული, რაც აქციებზე არეულობას მოხმარდა.
