საფრანგეთი ემზადება ფინანსური დახმარების გასაწევად, ომის შედეგად გამოწვეული, საწვავის ფასების ზრდით დაზარალებული ავიაკომპანიებისთვის, - ამის შესახებ CNN-ი ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრზე დაყრდნობით წერს.

"ავიაკომპანიები სერიოზული შოკის წინაშე დგანან. მთავრობა სრულად მობილიზებულია, რათა მხარი დაუჭიროს მათ და დაეხმაროს ამ გამოწვევის დაძლევაში", - განაცხადა ტრანსპორტის მინისტრმა ფილიპ ტაბარომ.

მედიის ინფორმაციით, ეს ზომები მოიცავს გადასახადების გადახდის ვადების გახანგრძლივებას და "ფულად დახმარებას მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ჯგუფებისთვის".

ევროპული ქვეყნების ხელისუფლებები ეძებენ გზებს, რათა თავიდან აიცილონ საჰაერო მიმოსვლის ფართომასშტაბიანი შეფერხებები ამ ზაფხულს. ეს მას შემდეგ ხდება, რაც ზოგიერთმა ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ რამდენიმე კვირაში, თვითმფრინავის საწვავის შესაძლო დეფიციტი ექნებათ.

ცნობისთვის, ევროპაში, თვითმფრინავის საწვავის დაახლოებით 75%, როგორც წესი, ახლო აღმოსავლეთიდან არის იმპორტირებული.