"დადასტურდა, რომ საქართველოს ხელისუფლება პატიოსნად, კეთილსინდისიერად ასრულებს თავის პარტნიორებთან აღებულ ვალდებულებებს და უპირველესად, უკრაინელების მიმართ აღებულ ვალდებულებას", - ამ განცხადებით, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი დარღვევის მტკიცებულებათა არარსებობის გამო ევროკომისიის მხრიდან, ყულევის პორტის სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოღებას ეხმიანება.
ლევან მახაშვილი იხსენებს გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებებს და ელჩისგან ბოდიშის მოხდას და სიმართლის აღიარებას მოელიან.
"დადასტურდა, რომ საქართველოს ხელისუფლება პატიოსნად, კეთილსინდისიერად ასრულებს თავის პარტნიორებთან აღებულ ვალდებულებებს და უპირველესად, უკრაინელების მიმართ აღებულ ვალდებულებას. უკვე მერამდენედ გამოჩნდა, რომ მთელი ის კამპანია, რაც იყო აწეული ზოგადად სანქციებთან დაკავშირებით, იყო სრულ სიყალბე და მანიპულაცია. მათ შორის, წინაზეც გავაკეთე განცხადება, ჩვენ არა ერთი ელჩისგან მოვისმინეთ ჭორაობა ამ თემასთან დაკავშირებით. დღეს გამოჩნდა, რეალურად ვინ არის ჭორიკანა და ვინ არის პასუხისმგებლიანი ამ პროცესში. ამიტომ, რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთა განცხადება, ასეთ სიტუაციაში უპირველესად რასაც ველით, არის ბოდიშის მოხდა ამ ადამიანისგან, ან სიმართლის აღიარება მაინც, რომ რეალურად მისი საუბრები ეს იყო ჭორაობა და უსაფუძვლო ცილისწამება საქართველოს ხელისუფლების. ამიტომ, წერილით, არა მხოლოდ ამ სანქციებთან დაკავშირებით, ზოგიერთი ელჩის დიპლომატის ქცევასთან დაკავშირებითაც ყველაფერი არის ნათელი", - აცხადებს ლევან მახაშვილი.
ცნობისთვის, ყულევის პორტი სანქცირებას დაქვემდებარებული ობიექტების სიაში არ შევა. შესაბამისი ოფიციალური წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკომისარ დევიდ ო’სალივანისგან მიიღო.
