დაპირისპირება ოპოზიციურ ფლანგზე - შექმნიდან ერთ თვეში, უთანხმოებაა ოპოზიციურ ალიანსში, რომელმაც გეგმები ახლახან დააანონსა. არსებული ინფორმაციით, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობისგან" კოალიციის სასწრაფოდ დატოვებას მოითხოვს.

სამიზნე ამჯერად ის პოლიტიკური ჯგუფებია, რომლებიც, მისივე შეფასებით, საკუთარ გადარჩენას მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ხარჯზე ცდილობენ. ექსპრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ე.წ. ერთპროცენტიანი სუბიექტები, რომელთაც დამოუკიდებლად ბარიერის გადალახვის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის "ნაციონალური მოძრაობის" რესურსს იყენებენ.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ დიდი განსხვავებებია, როგორც იდეოლოგიური, ისე სხვა ხასიათის მიმართულებებით.

"მიხეილ სააკაშვილი მიესალმება ამ ოპოზიციურ ალიანსს და მას მიაჩნია, რომ თანამშრომლობა და ერთად მუშაობა სჯობს დაქუცმაცებას და დაყოფას. ერთმანეთს ამ პერიოდში არ ვესხმით თავს, თორემ ყველამ კარგად იცის, რომ საკმაოდ დიდი განსხვავებები არის, როგორც იდეოლოგიური, ისე სხვა ხასიათის, გარკვეული მიმართულებებით. თუმცა, ის, რომ ვართ ალიანსში, არ ნიშნავს იმას, რომ დამოუკიდებლად არ ვძლიერდებით. საუბარი ამ რეიტინგებზე არის ძალიან ადრე," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.