პარლამენტი მუშაობას განაგრძობს ცვლილებებზე სისხლის სამართლის კოდექსში. საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს ახალი სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედებას და ზიანის ანაზღაურებას ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებთან დაკავშირებით.
საკანონმდებლო ინიციატივა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არჩილ გორდულაძემ წარადგინა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კანონპროექტის მიზანია, დანაშაულის პრევენცია და დაზარალებულებისთვის კომპენსაციის მიღების უზრუნველყოფა.
"შემოთავაზებული ცვლილებები სისხლის სამართლის საქმის განხილვის სტადიაზევე, სასამართლო განაჩენშივე იქნება განსაზღვრული იმ პირთა ჩამონათვალი და იმ ქონებების ჩამონათვალი, თუ ვის უნდა ჩამოერთვას ქონება და ასევე, იმ დაზარალებულთა ვინაობებიც იქნება მითითებული, თუ ვის სასარგებლოდ უნდა მოხდეს ამ ქონებების ჩამორთმევა. ადამიანებს, რომელთაც აქვთ სურვილი და ამავდროულად ჰგონიათ, რომ ისინი ჩასხდებიან საპატიმრო დაწესებულებაში, თავისუფლების აღკვეთის შესაბამის ვადას მოიხდიან და შემდეგ, მიყენებული ზიანი შერჩებათ და გააგრძელებენ ამ ქონების თუ სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით სარგებლობას, ეს შესაძლებლობები, გამარტივებული წესით, უკვე აღარ იქნება შესაძლებელი", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
