სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სინოდის წევრებთან ერთად ატარებს. მრევლს, რომელმაც ტაძარში ვერ მოახერხა პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გზაზე სამგლოვიარო მსვლელობისას მიეცემა.

მარშრუტის გასწვრივ მოეწყობა ცოცხალი დერეფანი, მოსახლეობას საშუალება ექნება, ამ გზაზე დამონტაჟებულ მრავალ ეკრანზე თვალი ადევნოს სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში.

"საქართველოსთვის იყო ეპოქის შემქმნელი და საქართველოს ისტორიის ნაწილის დამწერი. ისტორიაში ჩაიწერება ჩვენი პატრიარქი. ის ჩაიწერა თითოეული ქართველის გულში და მან უდიდესი ადგილი დაიკავა ჩვენს ისტორიასა და ჩვენს გულებში", - განაცხადა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე თეოდორე ჭუაძემ.