არასასურველი კითხვების გამო, ჟურნალისტებზე თავდასხმად აფასებს მმართველი გუნდი საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებებს.

პიტერ ფიშერმა ჟურნალისტის კითხვებს პროპაგანდისტული უწოდა და თქვა, რომ ეს მას არ აინტერესებს. კითხვები ეხებოდა გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ მის აქციაზე მისვლას, ტრამპის განცხადებებს და შტატების ეროვნულ სტრატეგიას, რომელშიც ისმის კრიტიკა ევროკავშირის მიმართ.

ფიშერი უარყოფს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას და ვენის კონვენციის დარღვევას. ევროკავშირის ელჩმა კი ამ თემაზე საუბარი ჟურნალისტებთან საერთოდ არ ისურვა. თბილისში კიდევ ერთხელ საუბრობენ ორმაგ სტანდარტზე და ევროპელი დიპლომატების არადიპლომატიურ ნაბიჯებზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პაპუაშვილმა საქართველოში გერმანიის ელჩთან პეტერ ფიშერთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ფიშერის ფაილი ხელისუფლებისთვის დახურულია.

"თუკი ვინმეს პრეტენზია აქვს, რომ დემოკრატიული სამყაროს წარმომადგენელია, კრიტიკული კითხვები უნდა მოისმინოს და მშვიდად უპასუხოს. პროპაგანდისტობის იარლიყის მიწებება აჩვენებს, რომ ეს არის მცდელობა, გაექცეს კითხვას და აჩვენებს, რომ სტანდარტი სხვადასხვაა. ქართული დემოკრატიის სტანდარტი დღეს გაცილებით მაღალია ვიდრე ზოგიერთი ევროპული დემოკრატიისა. ნებისმიერი კითხვა შეიძლება დაისვას, ნებისმიერ საკითხზე და ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც, როგორც ჩანს, ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი.

რაც შეეხება ფიშერს, მისი ფაილი ჩვენთვის დახურულია,"- განაცხადა პაპუაშვილმა.