"ბრიუსელი დღეს ფარისევლობის სიმბოლოდ იქცა, სხვას ედავება იმას, რასაც თვითონ აკეთებს - ჩვენი კანონმდებლობა ლობიზმის გამჭვირვალობას ითვალისწინებს და ახლა, ბრიუსელმა კეთილი ინებოს და ქართულ კანონმდებლობას დაემორჩილოს და ფარულ დაფინანსებას შეეშვას", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის მიერ მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებული ლობირების გამჭვირვალობის შესახებ ახალ წესებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, თავის დროზე, ბრიუსელმა ამ რეგულაციების მიღება გადადო, რადგან "ჩვენთან ჰქონდათ ანგარიში გასასწორებელი".
"თავის დროზე, იყო საუბარი ამ რეგულაციების მიღებაზე, მაშინ გადადეს, ვინაიდან, ჯერ ჩვენთან ჰქონდათ ანგარიში გასასწორებელი. მაშინ გადადეს, რომ არ გამოჩენილიყო ზედმეტად აშკარად ის, რასაც საქართველოს საყვედურობდნენ, რომ, თითქოს ჩვენ არ გვქონდა გარე გავლენების გამჭვირვალობის მოთხოვნის უფლება. დრომ გაიარა და ახლა ცდილობენ, რომ სხვანაირი შეფუთვით წარმოადგინონ, რომ თითქოს, რაიმე განსხვავებული არის მათი - ქართული მიდგომისგან. ეს, რა თქმა უნდა, ფარისევლობაა. ბრიუსელი დღეს ფარისევლობის სიმბოლოდ იქცა, სხვას ედავება იმას, რასაც თვითონ აკეთებს, ეს კი კარგი დასტურია ფარისევლობისა. შეფუთვა უნდათ, რომ ეს არ ეხება სამოქალაქო საზოგადოებას, NGO-ებს. როგორ გეკადრებათ, ყველას ეხება, ვისაც ჩათვლიან, რომ ის ლობიზმით არის დაკავებული. "საერთაშორისო გამჭვირვალობა" საქართველოში ლობიზმით არ არის დაკავებული? კონგრესსა და სხვა ქვეყნების პარლამენტებში ჩვენებებს აძლევენ საქართველოს წინააღმდეგ და უცხოური დაფინანსებით ცდილობენ, რომ საქართველოს თავს სხვადასხვა რეგულაციები მოახვიონ. საქართველოში "ვეტინგის" სისტემას ვინ უწევდა ლობიზმს და ვისი დაფინანსებით? NGO-ები, ბრიუსელის დაფინანსებით. ლამის, ქვეყანაში ადამიანი-ადამიანს წაკიდეს ბრიუსელის დაფინანსებით და პირდაპირ აამხედრეს ხელისუფლების, პარლამენტის წინააღმდეგ საკუთარი დაქირავებული NGO-ები. ლამის, პარლამენტის შენობა გადაწვეს "მოლოტოვის კოქტეილები" და ახლა თავად მშვიდად, თავიანთი ინტერესების გასატარებლად ლობიზმის გამჭვირვალობას ითხოვენ. ზუსტად, ჩვენი კანონმდებლობა ლობიზმის გამჭვირვალობას ითვალისწინებს და ახლა, ბრიუსელმა კეთილი ინებოს და ქართულ კანონმდებლობას დაემორჩილოს და ფარულ დაფინანსებას შეეშვას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
