კათოლიკოს-პატრიარქის გზა იქ სრულდება, სადაც წლების წინ დაიწყო. თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში შერჩეულია ზუსტად ის ადგილი, რომელიც თავად პატრიარქს სურდა. გადაწყვეტილება ილია მეორის სურვილისა და ანდერძის შესაბამისად, საპატრიარქოსა და სახელმწიფოს ერთობლივი კომისიის წევრებმა, სინოდთან ერთად მიიღეს.

განსასვენებელი უკვე მზად არის, ტაძრის ჩრდილოეთით, იქ, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატი და წმინდა ნინოს ჯვარია დაბრძანებული, ყველაზე ახლოს ამბიონთან. ილია მეორეს სამების საკათედრო ტაძრიდან, ფეხით მსვლელობით 15:00 საათზე გამოასვენებენ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე კი ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება. სიონის, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი არის ადგილი, სადაც ილია მეორემ პირველი წირვა აღავლინა და მოღვაწეობდა წლების განმავლობაში. 69 წლის წინ, სწორედ ამ საპატრიარქო ტაძარში ეკურთხა იეროდიაკონად.

1977 წლის 23 დეკემბერს კი სიონშივე, საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით, მიტროპოლიტი ილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა.

სიონის ეზოში მდებარე საპატრიარქო რეზიდენციაში ცხოვრობდა, სანამ დღეს მოქმედი საპატრიარქო გაიხსნებოდა. ილია მეორე იქნება მე-9 პატრიარქი, რომელიც 93 წლის ასაკში, სამუდამო განსასვენებელს სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დაიდებს. ის იქნება დანარჩენი 8 პატრიარქის გვერდით, რომლებიც საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ჰყავდა. კირიონ მეორე, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე, მელქისედეკ მესამე, ეფრემ მეორე, დავით მეხუთე და ახლა უკვე - ილია მეორე.