ორი საუკუნის პატრიარქს, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი გახდა, მთელი საქართველო ემშვიდობება. ყველა გლოვობს. სახელმწიფო დროშები დაშვებულია. მთელი ქალაქი, ილია მეორეს ბანერებით და მისივე სიტყვებითაა სავსე.

ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ერთიანობის, რწმენის, სიყვარულის, თავმდაბლობის სიმბოლო, მშვიდობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი და საჭეთმპყრობელი - უწმინდესმა და უნეტარესმა, მთელი მისი ცხოვრება უფლის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებას მიუძღვნა.

ნახევარი საუკუნის განმავლობაში თავად გასცემდა უდიდეს სიყვარულს, დღეს კი ამ სიყვარულს მთელი ქვეყანა უბრუნებს. სამოქალაქო პანაშვიდის განმავლობაში, დღისით, თუ ღამით, ყველა გზა სამების საკათედრო ტაძრამდე მიდიოდა, პატრიარქის კურთხეულ ტაძრამდე, სადაც ხალხის ნაკადი არ წყდებოდა.

მადლობა და მიყვარხარ - ეს იყო მთავარი სათქმელი უწმინდესისთვის, რომელმაც 5 ათწლეულის განმავლობაში ქართული ეკლესია ქვეყნის ეროვნული იდენტობის მთავარ საყრდენად აქცია. ელიას მთაზე, სამების საკათედრო ტაძარში დღეს პატრიარქი უკანასკნელად იმყოფება. უწმინდესი, მისი ინიციატივით აშენებულ უფლის სახლს რამდენიმე საათში დატოვებს, ღვთისმსახურება კი სულ ცოტა ხანში დაიწყება.