საქართველოში გლოვის დღეა. უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორეს ცხედარი ამ დროისთვის საპატრიარქოშია დასვენებული. უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის დეტალები სინოდის სხდომაზე გაირკვევა, რომელიც 2 საათში დაიწყება. უკვე ცნობილია, რომ სინოდის დასრულების შემდეგ, ნეშთს რეზიდენციიდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.
როგორც ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ელიზბარ ოდიშვილმა აღნიშნა, პატრიარქს განსაკუთრებით უყვარდა სიონი და 78 წლიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა სიონის სიახლოვეს ყოფილიყო.
"მთელმა საქართველომ უნდა ილოცოს. ჩვენი პატრიარქი წავიდა იმ ქვეყნად, მაგრამ ჩვენთან იქნება მარადჟამს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. იქნება სინოდის გადაწყვეტილება და მერე იტყვიან სად დაასვენებენ. მე მგონი, სამებაში გადაასვენებენ და მერე გადაწყვეტენ სად დასაფლავდება. მე ვიცი, რომ მას უყვარდა სიონი და მე ასე ვიცი, რომ 78 წლიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა სიონის სიახლოვეს ყოფილიყო მარადჟამს", - აღნიშნა ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარმა.
