"კამიტის" თემის ხელოვნურად გააქტიურების მცდელობა და გარედან მიღებული კიდევ ერთი დაკვეთა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ - ასე აფასებს მმართველი გუნდი აქციის მონაწილეების სოციალურ ქსელებში დაწყებულ კამპანიას და ვიდეო რგოლს, რომელშიც ისინი მათ მოწამვლაზე საუბრობენ და დასავლეთს საქმის გამოძიებაში დახმარებას სთხოვენ.

თბილისში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც დიდი ფინანსური რესურსისა და გარე აქტორების კამპანიის მიუხედავად, საქართველოში მიმდინარე გამოძიებამ და მოპოვებულმა მტკიცებულებებმა, ეგრეთწოდებულ კამიტის თემას წერტილი დაუსვა, ახლა ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა ახალი აქტივობა დაგეგმეს იმისთვის, რომ თემამ აქტუალობა არ დაკარგოს. დაიწყო მათივე დავალებით შექმნილი ფილმის პოპულარიზაცია, რომლის ჩვენებაზეც, იანვრის ბოლოს, საერთაშორისო მედიები მოიწვიეს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, გარკვეულ ადამიანებს ერთი წლის შემდეგ გაახსენდათ, რომ რაიმე დაზიანება მიიღეს ძალადობრივ აქციებში მონაწილეობის დროს, რისი დასაწყისიც იყო BBC-ის ე.წ ფილმი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

"გარკვეულ ადამიანებს ერთი წლის შემდეგ გაახსენდათ, რომ რაიმე დაზიანება მიიღეს ძალადობრივ აქციებში მონაწილეობის დროს. ამას პირდაპირ მართულ კვალზე გავყავართ, რომლის დასაწყისშიც იყო BBC-ის ე.წ. ფილმი, რომელიც აბსოლუტური სიცრუით არის გაჯერებული და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მათ შორის, არღვევს BBC-ის მიერ საკუთარი თავისთვის დაწესებულ სტანდარტებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებულმა გამოძიებამ დიდი წერტილი დაუსვა საქართველოზე შეტევას, რომლის დაიწყო BBC-იმ, რომელსაც შემდეგ აჰყვნენ არარჩეული ბიუროკრატები ევროპარლამენტიდან და სხვადასხვა თანამდებობის პირები ევროპული ქვეყნებიდან. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გადმოვიდა ადგილობრივ აგენტურასთან და როდესაც 1 თვის განმავლობაში ვერანაირი მუხტი ვერ აიწია, ახლა ცდილობენ, რომ იმავენაირად, როგორმე უცხოელები შემოიყვანონ საქართველოში და ზუსტად ეს არის უსამშობლოთა გაერთიანების ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტი. ყველაზე საინტერესო ის არის თუ ვინ დგას ამ კამპანიის უკან და ვისი წარმოებულია? ეს არის ნიკა გვარამია. პატიმრობაში მყოფი პირი გამოიყენეს ამ კამპანიის დასაორგანიზებელად და ნიკა გვარამიას ნათქვამიც გვახსოვს, ის პირდაპირ ამბობდა, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ფაქტებს, მთავარია აღქმები. აღქმების შესაქმნელად აბსოლუტური ტყუილი უნდა იყოს გამეორებული ათასჯერ, რომ შემდეგ ეს სიმართლედ იქცეს. ზუსტად ასე იქცეოდნენ 1930-იან 40-იან წლებში ფაშისტური ქვეყნები", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.