მთელმა საქართველომ ხომ დაინახეთ, რამდენ ადამიანს უყვარს და როგორ ეტკინა საქართველოს. რას არ ამბობდნენ საპატრიარქოზე, პატრიარქზე, მაგრამ ხომ დაინახეთ ეს სიყვარული - განაცხადა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა საპატრიარქოსთან.

"ამას ხომ დამსახურება უნდა მთელი ცხოვრება. დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები, რომლებიც განიკითხავდნენ, ამ დროს რაღაცას მაინც გრძნობდნენ. არ შეიძლება, რომ არ ეგრძნოთ. ეს არის ეპოქის კაცი, მთელი ეპოქაა პატრიარქი. ეს ეპოქა, იცით როგორი იყო? - არ ყოფილა რაიმე, რაც მასზე არ გადასულიყო. ყველაფერმა გადაიარა მის თავზე და მის მხრებზე", - განაცხადა მეუფე ანტონმა.

საპატრიარქო რეზიდენციაში წმინდა სინოდის სხდომა დაიწყო. სინოდის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის დეტალებს განიხილავენ. გადაწყვეტილება, თუ როდის და სად იქნება დასაფლავებული საქართველოს პატრიარქი, სწორედ სინოდის ამ სხდომის შემდეგ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.

ამასთან, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის  დეპარტამენტის ინფორმაციით, სინოდის სხდომის შემდეგ, 16:00 საათზე მის უწმინდესობას საპატრიარქო რეზიდენციიდან მსვლელობით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ.