"სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც მიმდინარეობს ამ მიმართულებით, არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, საპროტესტო აქციების დროს, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან გადაცდომებზე და შესაძლო დამკვეთის გამოვლენაზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ეს იყო კერძო ინიციატივა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალებული ბევრად მეტი ჟურნალისტი იქნებოდა.

"სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც მიმდინარეობს ამ მიმართულებით, არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის, თითქოს ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ. აქედან გამომდინარე, ირიბი მტკიცებულების არ ქონის შემთხვევაშიც კი, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, რომ ვინმეზე გავიდეს ე.წ. დამკვეთებზე. ეს არის პიარ კამპანიის ნაწილი, მათი მხრიდან, ვისაც არ ესიამოვნათ სახელმწიფოს სწორი მიდგომა.

დამკვეთი რომ იყოს ამ საქმეში და შესაბამისის მტკიცებულებაც არსებობდეს, არ შევიკავებდით თავს. ამის პრაქტიკა, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების დაკავების კუთხით გვაქვს და ვერავინ დაგვაბრალებს, რომ ვინმეს ვერიდებით, როცა დანაშაულია სახეზე. თუ იქნება ერთი მტკიცებულება, იმ ერთ მტკიცებულებას ჩავეჭიდებით და გავყვებით, გაჰყვებიან სამართალდამცველები, მაგრამ თუ ასეთი არ იქნება, ბუნებრივია, პიარ კამპანიის ფონზე, ამას ვერავინ გააკეთებს.

როგორც ჩანს, მტკიცებულებებიც ამაზე მიუთითებს, ეს იყო კერძო ინიციატივები და ცალკეული შემთხვევები. მაგალითად, ამას რომ ჰქონდა სისტემური ხასიათი, არ იქნებოდა მხოლოდ ერთი დაზარალებული ჟურნალისტი, იქნებოდა ბევრი და ა.შ. ჩვენ მივყვებით რეალობას და არა პიარ კამპანიებს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.